კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრები კონტროლის პალატას „ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგნელების მიერ კანონდარღვევის ფაქტებით დაინტერსებისკენ მოუწოდებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის წევრმა ირაკლი მელაშვილმა განუცხადა, ორგანიზაცია დღეს ამ მოთხოვნით კონტროლის პალატაში მიმართვას შეიტანს.
მელაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, დეპუტატები - გიორგი მელაძე, პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს მათ უფასო ტრანსპორტით უზრუნელყოფდნენ. ასევე ამომრჩევლებს რესტორნებში - „სენატში“, „კოსმოსში“ და „ელიტში“ უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან.
გარდა ამისა, მელაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი მსგავსი შეხვედრის დროს, „სენატში“ გიგი უგულავამ მათ მოუწოდა, რომ წერილობითი ფორმით თხოვნები გაეგზავნათ, რომელსაც სამომავლოდ დააკმაყოფილებდა.
მისი თქმით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, პარტიას კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით ამომრჩევლისთვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან დაინტერესება ეკრძალება.
„მიგვაჩნია, რომ კონტროლის პალატამ მსგავსი კანონდარღვევის ფაქტებზე მონიტორინგი უნდა აწარმოოს“ - განაცხადა მელაშვილმა.
მისივე განმარტებით, კოალიციის წევრების მიერ კონტროლის პალატაში შეტანილ მიმართვას კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი დოკუმენტაციაც დაერთვება.
