თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 მაისს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ალექსიძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების ეტაპი გაიარეს და პაექრობის ეტაპიდან სხდომა გადაიდო.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით 3 მანდატური დაიკითხა. ერთ-ერთმა მათგანმა მიხეილ ალექსიძის ჩვენება დაადასტურა.
მისივე თქმით, მანდატურების დაკითხვის შემდეგ, მათ მიხეილ ალექსიძის დამრიგებლის და იმ მოსწავლეების დაკითხვა მოითხოვეს, რომლებსაც ინციდენტის დროს ხმაურის გაგება შეეძლოთ. ასევე, მოითხოვეს პოლიციელის დაკითხვა, რომელიც მანდატურების განმარტებით, დირექტორმა გამოიძახა.
წიკლაურის თქმით, სასამართლომ მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„სასამართლოს მორიგებას ვთავაზობთ. თუ ის ბათილად ცნობს მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს, ჩვენ 53-ე სკოლაში მის აღდგენას აღარ მოვითხოვთ“ - განაცხადა წიკლაურმა.
ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, დისციპლინარულმა საბჭომ მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილება სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ოჯახი დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას მოითხოვს.
