პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ერთი წლის წინ ციხეში გარდაცვლილი
პატიმრის კახაბერ თედლიაშვილის საქმის გამოძიების პირობას დებენ.
პარტიის ლიდერები თედლიაშვილის საფლავზე მისი გარდაცვალებიდან ერთიწლისთავზე მივიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს დამნაშავეების დასჯას დაჰპირდნენ.
„კახა თედლიაშვილი კრიმინალური ხელისუფლების მსხვერპლია. ამ შემთხვევაში, ჩვენი ერთადერთი ბერკეტი არჩევნების მოგებაა, რადგან მის მკვლელობაში დამნაშავეები საკუთარ თავს არ დასჯიან“ - განაცხადა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა.
პარტიის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
სოფელ კარალეთის მკვიდრი, 26 წლის კახაბერ თედლიაშვილი რუსთავის მე-6 საპყრობილის საკანში 2011 წლის 30 აპრილს ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, თედლიაშვილის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის ციხის ზედამხედველთა მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ.
