სასამართლომ დავით ძოწენიძე შპს „აკას“ კაპიტალში 20%-იანი წილის მესაკუთრედ ცნო
სასამართლომ დავით ძოწენიძე შპს „აკას“ კაპიტალში 20%-იანი წილის მესაკუთრედ ცნო
20:02 30.04.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ძოწენიძე შპს „აკას“ კაპიტალში 20%-იანი წილის მესაკუთრედ ცნო.
სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ძოწენიძეს, როგორც პარტნიორს, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დივიდენდების მიღების უფლება აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 27 აპრილს, დავით ძოწენიძის სარჩელის გამო მოპასუხე შპს ”აკა”-ს მიმართ სამოქალაქო საქმის განხილვა დაასრულა.
მხარეებს შორის დავის საგანს მოსარჩელისთვის საწარმოს - შპს ”აკას” მოგებიდან და მისი პარტნიორებიდან კუთვნილი დივიდენდების მიღება, ასევე, პარტნიორთა უკანონო მფლობელობიდან, გადაცემული დივიდენდების გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გადაცემა იყო.
საქმე ეხება შპს „აკაში“ ერთ-ერთი პარტნიორის დავით ძოწენიძის დარღვეულ უფლებას, კერძოდ, საწარმოში კუთვნილი წილის აღდგენას.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით, 2004 წლიდან დღემდე, საწარმოს მოგებიდან კუთვნილი - 20%-იანი წილის დივიდენდებს ითხოვდა. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და განაცხადა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დივიდენდებთან დაკავშირებით ხანდაზმულია და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით, მიმდინარე სასამართლო სხდომის დროს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლიდან დღემდე მიუღებელი დივიდენდები, სულ 859 ათას 195 ლარი დაეკისრა. დივიდენდების დაანგარიშება იმავე წესით განხორციელდება, რომელიც შპს ‘’აკას’’ მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაში იყო მითითებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სააპელაციო წესით, 14 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს.

ბეჭდვა