კახაბერ ვარდუკაძე დიპლომატიურ კორპუსს მისი საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
კახაბერ ვარდუკაძე დიპლომატიურ კორპუსს მისი საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
14:34 30.04.2012
ლომბარდის ყოფილი მფლობელი, მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძე, როემლიც თავს ,,ქართუ ბანკის“ მიერ დაზარალებულად მიიჩნევს, დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, მისი საქმით  დაინტერესდნენ და მონიტორინგი აწარმოონ. ამის შესახებ ვარდუკაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან პრესკონფერენციაზე 2003 წლიდან ბანკთან მიმდინარე დავის დეტალებზეც ისაუბრა და სპეციალური დოკუმენტები წარადგინა, მათ შორის ფინანსური პოლიციის მიერ გამოცემული აქტი, სადაც ის ცნობილია დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ; უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება; აღსრულების ფურცელი მისთვის სასამართლოში მოგებული თანხის გადარიცხვის თაობაზე და მისივე განცხადება ამ ფულის მიღებაზე უარის შესახებ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტაცია მის მიერ ,,ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ გახმაურებული ბრალდებების უტყუარობას ადასტურებს.

„რიგ პოლიტიკოსებს სურთ ჩემს საქმეს იარლიყი მიაკრან, თითქოს, მე ხელისუფლების დაკვეთას ვასრულებ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ - განაცხადა ვარდუკაძემ.

მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით ბანკის იურისტებთან და ადვოკატებთან პირდაპირ ეთერში საქმის დეტალებზე ისაუბროს, რათა საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადი გახდეს.

,,თუ ამაზე ისინი უარს იტყვიან და სიცრუეში დარჩენას ამჯობინებენ, მაშინ კონკრეტულ ვიდეო და აუდიო დოკუმენტაციას წარვადგენ, სადაც, ასახულია თუ როგორ ახორციელებდნენ ჩემზე ზეწოლას ბანკის თანამშრომლები. ბიძინა ივანიშვილი ამის შემდეგ ნამდვილად ცუდ პოზიციაში ჩადგება“ - განაცხადა ვარდუკაძემ.

მისივე თქმით, მან უკვე მიმართა პროკურატურას. პროკურატურის თანამშრომლებთან ადვოკატის გარეშე ზეპირი გასაუბრება შედგა. ვარდუკაძე სხვა ინფორმაციის გახმაურებისგან თავს იკავებს.

მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძემ ,,ბანკი ქართუს“ თანამშრომლები გიორგი ფურცხვანიძე და ირაკლი მიქაბერიძე რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მის მიერ ბანკში შეტანილი 27 კგ ოქროს მოპარვაში დაადანაშაულა.

მისი განმარტებით, 2003 წლიდან იგი ლომბარდს ფლობდა. ლომბარდში კლიენტების მიერ შეტანილ ოქროს კი, ხელშეკრულების თანახმად, ,,ქართუ ბანკს“ აბარებდა, თუმცა, ოქრო მოულოდნელად დაიკარგა. ვარდუკაძემ სასამართლოს მიმართა, რომელმაც იგი დაზარალებულად ცნო და მის სასარგებლოდ ბანკს 266 585 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

თუმცა, როგორც ვარდუკაძე აღნიშნავს, მოგვიანებით მიქაბაძემ და ფურცხვანიძემ ცრუ ჩვენება მისცეს, თითქოს ვარდუკაძის თანამონაწილეობით მის მიერ შეტანილი 27 კგ ოქრო მიითვისეს, ოქროს ნაწილი მათ აიღეს, ხოლო ნაწილი ვარდუკაძეს დაუბრუნეს.

ვარდუკაძის ინფორმაციით, ეს პირები გაასამართლეს და საპროსესო შეთანხმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას კი, ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლის შედეგად, ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემა და სასამართლოთი მოგებულ თანხაზე უარის თქმა აიძულეს.




ბეჭდვა