სახალხო დამცველი ბავშვთა სახლებში ფიზიკური ძალადობის ფაქტებს აფიქსირებს
სახალხო დამცველი ბავშვთა სახლებში ფიზიკური ძალადობის ფაქტებს აფიქსირებს
17:00 26.04.2012
საქართველოს სახალხო დამცველმა მონიტორინგის შედეგად, ბავშვთა სახლებში სხვადსხვა სახის დარღვევები დააფიქსირა.
დარღვევები ძირითადად ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, ფიზიკური და ემოციური ძალადობის და უგულებელყოფის სერიოზულ ფაქტებს უკავშირდება.
ამასთან, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის მიერ ბავშვთა დასჯის სხვადასხვა ფორმების გამოყენება - წკეპლით ცემა, ბოთლის ჩარტყმა, კუთხეში დაყენება, ახალი ტანსაცმლის ჩამორთმევა, შეჯანჯღარება, დასჯის მიზნით ფიზიკური შრომა და ა.შ. დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ბავშვებზე ზეწოლა და ემოციური ძალადობა უფლებადამცველებთან კომუნიკაციის გამო.
ანგარიშში დაფიქსირებულია საჯარო სკოლებში მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვების მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობა, ასევე,
უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში, ბავშვების მიერ ქუჩაში მათხოვრობა და სხვა სახის ანტისაზოგადოებრივი ქმედება, რომლის მენეჯმენტი პასუხისმგებელი უწყებების მიერ ვერ ხორციელდება.
ომბუნდსმენმა აღნიშნული დარღვევები 2011 წლის დეკემბერში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოაქვეყნა.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში ასახულია სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც 13 დიდი ზომის ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლში განხორციელდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მონიტორინგის განხორციელებისას ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების უფლებების დაცვის ხარისხი შემოწმდა.
„წინა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა 58 რეკომენდაციით მიმართა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისმა უწყებებმა სრულად ან ნაწილობრივ შეასრულეს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რაც სახალხო დამცველის შეფასებით პოზიტიური ტენდენციაა“- ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველის აპარატში იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა კომპეტენციასაც მშობლების ზრუნვას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს ომბუდსმენის რეკომენდაციებს მიმდინარე წელსაც გაითვალისწინებენ.

ბეჭდვა