ახალგაზრდული ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები 2 მაისს ფართომაშტაბიანი აქციის ჩატარებას გეგმავენ.
ორგანიზატორების თქმით, აქციის მონაწილეები 2006 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურების მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვენ. ისინი ავტომობილების კორტეჟით ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის ცენტრ „ჯაზუდან“, შსს-ს და პროკურატურის შენობების მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ და აქციას ე,.წ „კორტებთან“ დაასრულებენ.
„სამოქალაქო ფრონტი-ს “თავმჯდომარის ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, აქციას პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლები შეუერთდებიან.
„აქციის მიზანია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დუმილი მწვანე შუქს უნთებს სააკაშვილს და მოქალაქეების მხრიდან დანაშაულთან შეგუებას ნიშნავს“- განაცხადა ჯიშკარიანმა.
მოძრაობა „არა-ს“ წარმომადგენლის ლევან ჩიტაძის თქმით, აქციები ყოველი წლის 2 მაისს გაიმართება, მანამ, სანამ დანაშაულს არ გამოიძიებენ.
„ჩვენ 2 მაისს მთელს თბილისს მოვივლით და გავახსენებთ საზოგადოებას რა მოხდა იმ დღეს“- განაცხადა ჩიტაძემ.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობისთვის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
