კონტროლის პალატა „განახლებული საქართველოსთვის“ წევრების პალატაში დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს
კონტროლის პალატა „განახლებული საქართველოსთვის“ წევრების პალატაში დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს
11:11 25.04.2012
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრების პალატაში  დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრების მიწვევის საფუძველი ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პირებს რაიმე სახის შემოსავალი და ქონება არ გააჩნიათ. შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული კითხვები მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით.
როგორც „ნიუსპრესს“ კონტროლის პალატადან აცნობეს, კონტროლის პალატაში მოქალაქეების გასაუბრებაზე მოწვევის მიზანი მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მისი კანონიერების დადგენაა.
კონტროლის პალატის ცნობით, გასაუბრება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განხორციელდება, რომლის შესაბამისად, კონტროლის პალატა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში პირებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პოლიტიკური სუბიექტისათვის გადაცემული ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ.
„აღნიშნულ პირებთან გასაუბრება მოხდება მოწმის სტატუსით და შესაბამისად, ისინი ისარგებლებენ კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით, რაც დამატებითაც განემარტებათ“ - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები კონტროლის პალატაში გუშინ დაიბარეს. პარტიის მრჩეველმა საერთაშორსიო საკითხებში მინდია გულუამ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ პარტიის წევრები კონტროლის პალატაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის კობა დავითაშვილის თხოვნით დაიბარეს.

ბეჭდვა