„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცნობეს, ზუგდიდში დღეს გამართულ სასამართლო პროცესს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, ასევე, NDI-სა და IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები ლუის ნავარო და ანდრეა ქერბსი ესწრებოდნენ.
სერგო ჩაჩიბაიას ადვოკატის შალვა შავგულიძის განცხადებით, მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მისივე თქმით, მოსამართლემ უარი თქვა დაეკითხა მოწმეები, რომლებიც ჩაჩიბაიას დაკავების თვითმხილველები არიან.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათი მიზანი ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლების მოყვანაა, რომლის ამოცანა სასამართლოს დამოუკიდებლობაში მდგომარეობს.
„მოსამართლე, რომელსაც დღევანდელი სხდომა მიჰყავდა, არ არის დამოუკიდებელი. მისი პირით პროკურორი ახალაია საუბრობდა. მას ყველა ბერკეტი და არგუმენტი ჰქონდა, რათა სასამართლო პროცესი ობიექტურად წარმართულიყო. მან უარი თქვა მოწმეების ჩვენების მოსმენაზე. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც მოსამართლე თავად დგამს ნაბიჯს, რათა სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპი დაირღვეს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჩაჩიბაია ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციიის მიწოდების გამო დააკავეს.
მისი თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ჩაჩიბაიაა სწორედ ის ადამიანი, ვინც ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიას ინფორმაცია მიაწოდა.
