ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებსა და გამსაღებლებს,
ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამისი ცვლილება "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შედის.
დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
იგივე უფლებები ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 5 წლით ჩამოერთმევა, ხოლო ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირებს – 10 წლით.
ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, ნარკოტიკების მომხმარებლებს, გამსაღებლებს და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირებს ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, საპროცესო გარიგების გარეშეც შეეძლებათ. კერძოდ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეეძლება პირს ყოფაქცევის გათვალისწინებით აღუდგინოს ჩამორთმეული უფლებები და ან ვადა შეუმციროს.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები უმრავლესობის წევრები: ზვიად კუკავა და კახა ანჯაფარიძეა. ახალი კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებს ჯერ არ დაუწყიათ.
