სახალხო დამცველი კობა სუბელიანს რეკომენდაციით მიმართავს
სახალხო დამცველი კობა სუბელიანს რეკომენდაციით მიმართავს
14:31 24.04.2012
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს  რეკომენდაციით მიმართა.
ომბუდსმენი მინისტრს სთხოვს აფხაზეთიდან დევნილი ნანა და კლარა კვაშილავების მდგომარეობის შესწავლას, შემდგომში მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით.
როგორც სახალხო დამცველის სახელზე ნანა კვაშილავას მიერ გაგზავნილ განცხადებაშია ნათქვამი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის ოჯახს არ შეუძლია ნესტიანი კლიმატის გამო, სოფელ ფოცხოეწერის დევნილთა დასახლებაში ცხოვრება. თანდართული სამედიცინო დოკუმენტის საფუძველზე, საცხოვრებელი პირობების შეუცვლელობის შემთხვევაში, შედეგი სავალალო იქნება.
ფოცხოეწერის ახალი ჩასახლების დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობის ფაქტი, ომბუდსმენის 2010 წლის ანგარიშშიც აისახა. აღნიშნულზე ყურადღება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაამახვილეს.
ტუღუში მიიჩნევს, რომ ნანა და კლარა კვაშილავების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ პირობებში ცხოვრება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია. მისი თქმით, მსგავს შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია განმცხადებლები სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოს.
საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თხოვნით ნანა და კლარა კვაშილავებმა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს არაერთხელ მიმართეს. სამინისტროს ფართით მათი დაკმაყოფილების საკითხის ხელმეორედ განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ბეჭდვა