რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს მომხდარი დანაშაულების ეფექტურად გამოძიების მოთხოვნით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პეტიციას გაუგზავნიან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთშიც და საქართველოშიც ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება არაეფექტურად ხდება, გამოძიების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
„ვთხოვთ პროკურორს გამოძიების ეფექტურად წარმართვის მოთხოვნით ორივე სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები გააძლიეროს. დროა საერთაშორისო სასამართლო დარწმუნდეს, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და სამართლიანობის აღდგენის მიზნით გამოძიებას თავად შეუდგეს“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის შემდგომ წინასწარი მოკვლევლევის ეტაპი დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპს არ გასცდენია. მათი მოთხოვნაა, საერთაშორისო სასამართლო ფაქტების ოფიციალური გამოძიების ნაწილზე გადავიდეს.
პეტიციას ხელს აწერენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საზოგადოებრივი დამცველი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.
