აღსრულების ეროვნული ბიურო ქართული საბანკო და სადაზღვევო სექტორისთვის დღეს ახალი სერვისის - „გამარტივებული წარმოების“ პრეზენტაციას გამართავს.
გამარტივებული წარმოების სერვისის ამოქმედება მაისიდან იგეგმება.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, ამ ეტაპზე გამარტივებულ წარმოებას მხოლოდ საქართველოს სასამართლოები ახორციელებენ. წარმოების აღნიშნული ფორმა ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებულ დავებზე ცხადი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების არსებითი განხილვის გარეშე გამოტანას გულისხმობს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ამიერიდან, მოცემულ მომსახურებას შეცვლილი ფორმით აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს. დავები, რომლის რეგულირებასაც ბიურო მოახდენს, მხოლოდ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობას შეეხება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, გამარტივებული წარმოება მედიაციის ელემენტებს შეიცავს და საბოლოო გადაწყვეტილების შინაარსზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ორივე მხარეს შეუძლია, ასევე მხარეებს რეალური შესაძლებლობა ექნებათ მიაღწიონ ორმხრივად მისაღებ შედეგს.
„გამარტივებული წარმოების“ მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკის შესახებ ინფორმაციას ქართულ საბანკო და სადაზღვევო სექტორს აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალისტები მიაწვდიან.
