პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 30 აპრილს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ბრალდებულის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე კამათის ეტაპი გაიმართა.
მისი თქმით, საკამათო სიტყვით პროკურორი გამოვიდა და თამაზაშვილის მიმართ წაყენებული ბრალი - იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ძალაში დატოვა.
„არავითარი დამატებითი არგუმენტი ან რაიმე მტკიცებულება პროკურორს არ წარმოუდგენია. სამართლიანი სასამართლოს პირობებში, იმ „არგუმენტების“ გაბათილება, რომელიც მან მოიხმო არ გაგვიჭირდება. ის, ვინც მტკიცებულებად მოიხმო ყველანი გამომძიებელ-დეტექტივები არიან, ანუ ის მოწმეები, რომლებიც ჩხრეკა-ამოღებას ატარებდა და თვითონვე „დაადასტურეს“ თავიანთი მოქმედების კანონიერება“ - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ადვოკატის თქმით, 30 აპრილის სხდომაზე საკამათო სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება, რომლის შემდეგაც საბოლოო სიტყვას ბრალდებული იტყვის.
გელაშვილის განმარტებით, მოსამართლემ შესაძლოა, სასამართლო განაჩენი 30 აპრილსვე გამოიტანოს.
თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
