საია-ს კვლევით ქუთაისში პარლამენტის მშნებლობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის
საია-ს კვლევით ქუთაისში პარლამენტის მშნებლობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის
14:49 23.04.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობაზე ინფორმაციის მოპოვების მხრივ რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა.
აღნიშნული განცხადება დღეს საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა მშნებელობასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც მშენებლობასთნ დაკავშირებით გამოიკვეთა, საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაა.
ჩუგოშვილის განმარტებით, მშენებლობასთან დაკავშირებით, არც ერთი საჯარო უწყება არ გასცემს ინფორმაციას და რელევანტურ უწყებასთან ამისამართებს.
„ამასთანავე, არ ამბობენ თუ რომელია რელევანტური უწყება. სინამდვილეში ვის აქვს სახელმწიფოში ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ჯდება და რაში იხარჯება თანხები“- განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი ინფორმაციით, მშენებლობის დამკვეთი არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიაა, თუმცა მის შესახებ სათანადო ინფორმაცია არ არის ცნობილი.
„არ ვიცით ეს კომპანია რაში და როგორ ხარჯავს იმ სახსრებს, რაც პარლამენტის შენობის აშენებას ხმარდება. ასეთი გაუმჭვირვალობა თავისთავად აჩენს ეჭვებს, ხომ არ არსებობს კორუფციული გარიგებები“- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე ასევე, აღინიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში პარლამენტის მშენებლობისთვის 73 775 300 ლარია გამოყოფილი, თუმცა, საია-მ ვერ შეძლო მოეპოვებინა ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება მშენებლობაზე სინამდვილეში.
„ჩვენ ისიც კი ვერ დავადგინეთ ვინ არის პასუხისმგებელი პარლამენტის აშენებაზე. არც ადგილობრივი ხელისუფლება, ქუთაისის მერია, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ამ საკითხთან დაკავშირებით ადეკვატურ ინფორმაციას არ გასცემს“ - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.
საია მონიტორინგს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა.
„ამ პერიოდში გვქონდა სასამართლო დავები, თუმცა, სასამართლოს მეშვეობითაც ვერ შევძელით კანონის მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ბეჭდვა