ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას არაპროფესიონალიზმსა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
ნანა კაკაბაძის თქმით, ლაშა თორდიას განცახდება, რომ მან საკუთარი თვალით დაინახა 26 მაისის ღამეს, თუ როგორ დაეჯახა ბადრი ბიწაძის მანქანა ორ პოლიციელს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა.
კაკაბაძის განცხადებით, ლაშა თორდია არა მხოლოდ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ სახელმწიფო მოხელეცაა და მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება არ ჰქონდა.
„ის არ არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც შეუძლია მსგავსი რამ თქვას. ანუ როგორც სახელმწიფო მოხელემ, მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამავდროულად ის არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე“- გაუცხადა „ნიუსპრესს“ კაკაბაძემ.
მისივე თქმით, თორდიას მხრიდან მსგავსი განცხადება ნიშნავს იმას, რომ მას ძალინ სუსტად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი და ფუნქცია იმ თანამდებობაზე, რომელზეც იმყოფება. კაკაბაძე მიიჩნევს, რომ უფლებათა დამცველის ფუნქციაა დაიცვას ადამიანები ხელისუფლებისაგან და არა პირიქით.
კაკაბაძის განმარტებით, მაშინ, როცა სასამართლოს ჯერ არ დაუდასტურებია მართლაც ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი და ადამიანის უფლებათა დამცველი უკვე განცხადებებს აკეთებს, ეს მის არაპროფესიონალიზმზე ან აშკარა მიკერძოებულობაზე მეტყველებს.
„როგორც ვიცი, თვით ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომ აღნიშნულ პოლიციელებს იმ დღეს არ დაჯახებიან, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს რა მოხდა რეალურად, რადგან ეს ძალინ ბუნდოვანებით მოცული ფაქტია“- აღნიშნა კაკაბაძემ და დასძინა, რომ თორდიას ნაადრევი, ნაჩქარევი და დაუზუსტებელი განცახდება ხელყოფს იმ ადამიანის უფლებებს, რომელიც ციხეში შესაძლოა, უდანაშაულოდაც იმყოფება.
„რა თქმა უნდა, მისთვის, როგორც ადამინის უფლებათა დამცველისგან, ეს ორმაგი შეცდომა და დანაშაულია“- აღნიშნა კაკაბაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხდა, რომ მან საკუთარი თვალით დაინახა თუ როგორ დაეჯახა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ბადრი ბიწაძის მანქანა ორ პოლიციელს. ამავე დროს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ავტომანქანის პოლიციელებთან შეჯახების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
