სასჯელაღსრულების სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
სასჯელაღსრულების სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
14:41 20.04.2012
პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის პუნქტების აღჭურვას, მედპერსონალის პროფესიულ ზრდას, მსჯავრდებულთა მუდმივ სკრინინგს და სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, პროექტის მონიტორინგს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია განახორციელებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თქმით, სწორედ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ასრულებს ინსტრუმენტალურ როლს პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პირველადი ჯანდაცვის მოდელი პილოტურად ორ დაწესებულებაში მოქმედებს და იგი წლის ბოლომდე ყველა დაწესებულებაში ამოქმედდება.

ბეჭდვა