"ლეიბორისტების" სარჩელი 14 ივნისს განიხილება
"ლეიბორისტების" სარჩელი 14 ივნისს განიხილება
14:32 19.04.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის -"112"-ის მომსახურების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით "ლეიბორისტების" სარჩელის განხილვა გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ განუცხადა, დღევანდელ განხილვაზე მხარეებმა შესაბამისის არგუმენტები წარადგინეს.
მისი თქმით, ხელისუფლებისა და "112"-ის წარმომადგენლებს რეალურად არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ.
"ეს არის შინაარსობრივად აბსურდული, ხოლო შედეგობრივად მძარცველური გადაწყვეტილება, რადგანაც მოსახლეობას თანხას ახდევინებენ იმ მომსახურებაში, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, თუმცა, ერთი თვის განმავლობაში "112"-დან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 1,5 მლნ ლარი შეადგინა"- განაცხადა გუგავამ.
მისივე ინფორმაციით, სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე მივიდა.
"ლეიბორისტების" სარჩელის განხილვის საბოლოო სასამართლო სხდომა 14 ივნისს გაიმართება, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი "112"-ის მომსახურების საფასური 27 დეკემბრიდან ფიზიკურ პირებს ყოველთვიურად 20 თეთრის, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრის ოდენობით ეჭრებათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემა - 112 მაისიდან ამოქმედდება.

ბეჭდვა