იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ტრეინინგი სახელწოდებით "მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი" მიმდინარეობს.
სწავლებისთვის თერთმეტი მონაწილე ღია კონკურსის წესით შეირჩა.
კოორდინატორები საბაზისო მომზადების კურსს როგორც თეორიულ და საკანონმდებლო კუთხით ისე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში გაივლიან.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ტრეინინგის მონაწილეები სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსებს გაეცნობიან, ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლებს შეისწავლიან და დაზარალებულისთვის პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ტექნოლოგიას აითვისებენ.
სწავლება სამკვირიანია და მისი დასრულების შემდეგ, კოორდინატორებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. წარმატებული კოორდინატორები თელავში, გორსა და ზუგდიდში იმუშავებენ.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური მთავარი პროკურატურის პროექტია და ის 2011 წლის აგვისტოდან მოქმედებს.
