გაერო-ს კონვენციისადმი საქართველოს შეერთების სიგელის დეპონირება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მოახდინა
გაერო-ს კონვენციისადმი საქართველოს შეერთების სიგელის დეპონირება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მოახდინა
12:09 02.07.2014
გაერო-ს 1961 წლის კონვენციისადმი საქართველოს შეერთების სიგელის დეპონირება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ, ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მიერ გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მოახდინა.

საქართველოსთან ერთად, ანალოგიური ნაბიჯი ბელგიამ, გამბიამ და პარაგვაიმ გადადგეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონვენციასთან შეერთებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს მიერ „მოქალაქეობის შესახებ“ შემუშავებული კანონპროექტი, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესის გამოხატულებაა.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვის პრინციპები საქართველოს მიერ ახლახან მიღებული ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიითა და ანტიდისკრიმინაციული კანონით არის განმტკიცებული.

„ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი ჩარჩოს შექმნა ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რისი კატალიზატორიც სულ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაა“ − განაცხადა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დეპონირების ცერემონიაზე გამოსვლისას, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები სხვა სახელმწიფოების ძალისხმევასთან ერთად მიმართულია, რათა კონვენციის პრინციპები და სტანდარტები, მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ გლობალური, სამართლებრივი და ადამიანის უფლებების კულტურის ნაწილი გახდეს.
ბეჭდვა