იუსტიციის სამინისტროში დღეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარეა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, ხოლო მის შემადგენლობაში იუსტიციის სამინისტროს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები არიან.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კომისიის წევრებმა მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი განიხილეს. დოკუმენტზე კომისიის შემადგენლობაში მყოფ უწყებათა წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობდა. სტრატეგიის პროექტს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
კომისიის მიზანი მიგრაციის მართვის სფეროში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის დონის ამაღლება და მიგრაციის მართვის სისტემის გაუმჯობესებაა.
