გორში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის მეუღლის სარჩელზე სასამართლო პროცესი გაიმართა
გორში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის მეუღლის სარჩელზე სასამართლო პროცესი გაიმართა
19:10 11.04.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის თამაზ მაყაშვილისა და მისი მეუღლის ია ბჟალავას მე-9 საჯარო სკოლიდან დათხოვნის სარჩელთან დაკავშირებით დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა.
„თავისუფალი დემოკრატების“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამაზ შიოშვილის განცხადებით, სხდომაზე ადვოკატ ქეთევან ბებიაშვილის შუამდგომლობის საკითხი არ დაკმაყოფილდა.
დღევანდელ სხდომაზე მოწმეები, მათ შორის სკოლის ყოფილი დირექტორი მარინა მახარაშვილი დაიკითხა.
იოშვილის ინფორმაციით, მახარაშვილი სკოლის დირექტორობიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, შალვა სრესელის ბრძანება არ შეასრულა და სკოლიდან ოპოზიციური პარტიის წევრის მეუღლე ია ბჟალავა არ დაითხოვა.
მისივე თქმით, რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბრძანება მოგვიანებით ელენე ხაჩიძემ შეასრულა, რომელმაც მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მახარშვილი ჩაანაცვლა და ბჟალავა სკოლიდან დაითხოვა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა 25 აპრილს გაიმართება.

ბეჭდვა