თამაზ თამაზაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 23 აპრილს გაიმართება
თამაზ თამაზაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 23 აპრილს გაიმართება
18:37 11.04.2012
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 23 აპრილს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ბრალდებულის ადვოკატმა ნინო გელაშვილმა განუცხადა, დღეს ნივთმტკიცების გამოკვლევის ეტაპი გაიმართა.
მისი თქმით, პროცესზე ბრალმდებელმა მხარემ საქმეში არსებული საკუთარი მტკიცებულებების - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის დემონსტრირება მოახდინა.
ადვოკატის განმარტებით, დღევანდელი სხდომით სასამართლო გამოძიების ეტაპი დასრულდა.
„შემდეგ სხდომაზე კამათის ეტაპი დაიწყება, რომელზეც პროკურორი სიტყვით გამოვა და ბრალდებულის შესახებ არგუმენტებს წარადგენს. თუ დაცვის მხარე საპასუხოდ მზად ვიქნებით, ჩვენს არგულემენტებს იმავე დღეს წარვადგენთ“ - განაცხადა ადვოკატმა.
თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

ბეჭდვა