საკონსტიტუციო სასამართლომ ომბუდსმენის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ ომბუდსმენის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
17:36 11.04.2012
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სარჩელი „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, დავის საგანს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ზოგიერთი მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობა წარმოადგენდა.
სასამართლომ შეაფასა ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებელთა ლიცენზირების, მისი გაცემის წესისა და გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირების ვალდებულების კონსტიტუციურობის საკითხები.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება (კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით) და მეორე - თანამგზავრული სისტემის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირება კონსტიტუციის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად ჩათვალა.
მოსარჩელეს - სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების რელიზება ყველაზე ეფექტურად მაუწყებლობის მეშვეობით ხდება. ომბუდსმენს ასევე მიაჩნია, რომ ზოგადად დასაშვებია საკაბელო ქსელის ან თანამგზავრის საშუალებით განხორციელებული სამაუწყებლო საქმიანობის გარკვეული რეგულირება, მაგრამ ამგვარი საქმიანობის დასაწყებად სანებართვო სისტემის დადგენა (ლიცენზირება), მისი აზრით, არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და ზღუდავს პირის კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით დაცული აზრისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას.
სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის (მოსარჩელის) არგუმენტი, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა უფლებისთვის ნაკლებად მზღუდავი საშუალებითაცაა შესაძლებელი და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო არაა კონსტიტუციური უფლება შეეზღუდოს ყველას, ვისაც საკაბელო ქსელით მაუწყებლობა სურს.
თანამგზავრული სისტემების საშუალებით მაუწყებლობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ამჟამად ის საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანია და ამდენად, შესაძლოა, სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს უკავშირდებოდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ შერჩეული რეგულირების მექანიზმი არ არის არაგონივრული და არის ფორმალური შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაცია.
სასამართლომ ჩათვალა, რომ თანამგზავრული სისტემით მაუწყებლობის ლიცენზირება, ლიცენზიის გაცემის წესი და ლიცენზიის მოდიფიცირების ვალდებულება სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებელი სუბიექტის უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ბეჭდვა