მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძე „ქართუ ბანკის“ თანამშროლებს 27 კილო ოქროს მოპარვაში ადანაშაულებს
მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძე „ქართუ ბანკის“ თანამშროლებს 27 კილო ოქროს მოპარვაში ადანაშაულებს
17:01 11.04.2012
მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძე „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს 27 კილო ოქროს მოპარვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ვარდუკაძემ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, 2002 წელს მის სალომბარდო ოფისსა და „ქართუ ბანკს“ შორის გირავნობის ხელშეკრულობა გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, მას ბანკში ოქრო შეჰქონდა და სანაცვლოდ თანხას იღებდა. 2003 წელს ბანკში შეტანილი ოქრო დაიკარგა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებამ კახაბერ ვარდუკაძე დაზარალებულად ცნო, თუმცა, საქმის წარმოება შეწყდა. ვარდუკაძის განცხადებით, მან განმეორებითი სარჩელი 2005 წელს შეიტანა და ის ისევ დაზარალებულად ცნეს.
მისივე განცხადებით, უზენაეს სასამართლოში დავა 2008 წლის 13 ივნისს დასრულდა და „ქართუ ბანკს“ ვარდუკაძის სასარგებლოდ, 266 585 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
თუმცა, როგორც ვარდუკაძე აღნიშნავს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ორი დღით ადრე, ბანკის პასუხისმგებელმა პირებმა ირაკლი მიქაბერიძემ და გიორგი ფურცხვანიძემ ცრუ ჩვენება მისცეს, თითქოს, ვარდუკაძის თანამონაწილეობით მის მიერ ბანკში შეტანილი 27 კილო ოქრო მიითვისეს, ოქროს 60% მათ აიღეს, ხოლო 40% ვარდუკაძეს დაუბრუნეს.
ვარდუკაძის ინფორმაციით, ეს პირები გაასამართლეს და საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მას კი, ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლის შედეგად, ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემა და მოგებულ თანხაზე უარის თქმა აიძულეს.
„ჩემს მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ მიქაბერიძე, ხიზანიშვილი და მათიკაშვილი“ - განაცხადა მან.
ვარდუკაძის განცხადებით, მან არაერთხელ სცადა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ.
„ვიმედოვნებ ივანიშვილი „ქართუ ბანკში“ მომუშავე დამნაშავეებს გაემიჯნება და მათ ჩემდამი ჩადენილი დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებს“- განაცხადა ვარდუკაძემ და ასევე, მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს ხელახალი გამოძიება დაიწყონ.

ბეჭდვა