თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის საქმეზე პროცესი დღეს განახლდება.
როგორც "ნიუსპრესს" ბრალდებულის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, პროცესზე ბრალმდებელი მხარე საქმეში არსებული საკუთარი მტკიცებულებების - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის დემონსტრირებას მოახდენს.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულ მტკიცებულებებზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ იარაღი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და გამოსაყენებლად უვარგისია.
თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
