არასამთავრობო ორგანიზაცია "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი" "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ამის შესახებ "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას მსგავს დარღვევებზე, რადგან ამ კანონით ქვეყნის ეკოლოგიური ბალანსი ირღვევა.
"ვგმობთ კანონში შეტანილ და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, კერძო კომპანიებს მიეცემათ საშუალება გადახდილი ფულის სანაცვლოდ, ტოტალურად დააბინძურონ და გაანადგურონ საქართველოს ბუნება და ადამიანის საარსებო გარემო" - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, მათ გარდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც გეგმავს.
"გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები 20 მარტს შევიდა. ცვლილების თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და პირს ან კომპანიას შორის შეთანხმების დადების შესაძლებლობა განისაზღვრა. შეთანხმების საფუძველზე, ბიზნესკომპანიებს სახელმწიფოსთვის გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ნებისმიერი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ. სანაცვლოდ კი მათ, სანქცია არ დაეკისრებათ.
