სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქე პატიმრები მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობას მშობლიურ ენაზე შეძლებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა უფლებები 7 სხვადასხვა - თურქულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ირანულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ითარგმნა და ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქე ყველა პატიმარს გადაეცემა.
ბროშურები ევროკავშირის დაფინანსებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით დაიბეჭდა.
კალმახელიძემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მიმართულებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უფრო ეფექტურად იმუშავებს.
