ბიზნესმენ დავით კოდუას ძმა გიორგი კოდუა იმედოვნებს, რომ მის ძმაზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება კვალიფიციურად ჩატარდება.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს და მთავარია, გაირკვეს, ვინ დგას დავით კოდუაზე თავდასხმის უკან. იგი ტყუილს უწოდებს შსს-ს მიერ დაკავებული ნოშრევან ნამორაძის განცხადებას ცემის მოტივთან დაკავშირებით.
„ეს ყველაფერი აბსურდულ სპექტაკლს დაემსგავსა. ეს ტყუილები ჩემთვის გაუგებარია. იმედია, გამოძიება კვალიფიციურად ჩატარდება. ინციდენტის სრული გამოძიებისთვის ერთი დღე არ არის საკმარისი. იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა, თუ ვინ გააკეთა, რატომ გააკეთეს, აქ მთავარი მიზეზებია. მთავარია გაირკვეს, ვინ არის ამის უკან ჩასაფრებული და ვინ არის ორგანიზატორი, რადგან ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა“- განაცხადა გიორგი კოდუამ.
დავით კოდუას გუშინ, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს. მას ყბა-სახის არეში დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა, შედარებით გამარტივებულ რეჟიმში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კოდუას ცემის ფაქტზე ნამორაძე გუშინვე დააკავეს. იგი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში თავად გამოცხადდა. ნამორაძის განცხადებით, იგი კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ დამფუძნებელი და 50 პროცენტიანი წლის მფლობელი იყო, 2008 წელს კი, დავით და ერეკლე კოდუებმა მისი დაჭერა განიზრახეს, ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს. ნამორაძის თქმით, ამის შედეგად, მას ქონება წაართვეს და ნახევარი მილიონი გადაახდევინეს. დაკავებული აცხადებს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, შურისძიების ნიადაგზე სცემა კოდუა.