ომბუდსმენი სიტყვა „ხულიგანის“ გამოყენებისას ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ომბუდსმენი სიტყვა „ხულიგანის“ გამოყენებისას ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
11:18 08.04.2012
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თანამდებობის პირებს მოუწოდებს სიტყვა ხულიგანის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.  ამის შესახებ ომბუდსმენმა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 წლის მიხეილ ალექსიძის უფლებები, როდესაც მას ხულიგანი უწოდა.
გიორგი ტუღუში განმარტავს, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელის მხრიდან, იქნება ეს ქვეყნის მეთაური თუ რიგითი საჯარო მოხელე, აბსოლუტურად დაუშვებელია, როდესაც წინასწარ ხდება იმის განსაზღვრა პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული.
„საქართველოში სიტყვა „ხულიგანი“, სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენება. მეც არაერთხელ მითქვამს - „ეს რა ხულიგანი ბავშვია“, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ხულიგნობა სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულია და ყველამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მსგავსი ტერმინების გამოყენებისას“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მიხეილ ალექსიძის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს ალექსიძის დედამ მიმართა. ალექსიძის განათლების უფლების საკითხს გიორგი ტუღუშის ყოველწლიურ ანგარიშში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.
15 წლის მიხეილ ალექსიძე სკოლიდან დირექტორმა ტატო შავშიშვილმა "დისიპლინური დარღვევის გამო", გასული წლის 13 ოქტომბერს გარიცხა.
მიხეილ ალექსიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 20 აპრილს გაიმართება.

ბეჭდვა