სახალხო დამცველი „ქართუ“ ბანკთან დაკავშირებულ მასალებს სწავლობს. ეს განცხადება დღეს 3 კომიტეტის სხდომაზე გიორგი ტუღუშმა ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ გააკეთა.
„რაც შეეხება ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, დიდი ხანი არ არის ჩვენ გადმოგვეცა მოცულობითო საქაღალდე, რომელშიც სხვადასხვა მასალებია. ამის შესწავლა დავიწყეთ და იმედს გამოვთქვამ, რომ მალე საშუალება მექნება გარკვეული გარემოებები შევაფასო, რომელიც „ქართუ“ ბანკს უკავშირდება“ – განაცხადა ტუღუშმა.
სახალხო დამცველმა „ქართუ“ ბანკის საინკასაციო მანქანასთან დაკავშირებულ ინციდენტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბანკის წარმომადგენლებს და „ქართუ ჯგუფს“ ამ საკითხზე მისთვის არ მიუმართავთ.
„თუ გამოძიებაში რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, მე მათ ვთხოვ, მომმართონ. ამის შემდეგ საშუალება მომეცემა უშუალო შეფასება მივცე საგამოძიებო ორგანოების მოქმედებებს, როდესაც შესაბამის მასალებთან მექნება დაშვება. არ გამოვრიცხავ, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, უბრალოდ ეს ფაქტი შესწავლილი არ ყოფილა“ – განმარტა ტუღუშმა.
