ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნის შემდეგ, პრეზიდენტი არანაირ დოკუმენტს აღარ გამოსცემს.
ეს განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას გააკეთა.
„ნიუსპრესი“ დაინტერესდა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გამოსცემდა თუ არა სამოქალაქო რეესტრის დასკვნის შემდეგ დოკუმენტს.
ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „ნიუსპრესთან“ განმარტა, რომ მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას და როდესაც ასეთი განკარგულება ან აქტი გამოიცემა, უნდა მიეთითოს რის საფუძველზე გამოიცა იგი.
ხმალაძე აღნიშნავს, რომ ასევე მითითებული უნდა იყოს კანონის ის ნორმები, რის საფუძველზეც პირს უარი ეთქვა მოქალაქეობის მიღებაზე. ამის შემდეგ, კანონის შესაბამისად, პირს ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.
კონსტიტუციონალისტის თქმით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უნდა მოამზადოს დასკვნა, ყველა იმ საბუთის შეფასებით, რომელიც პირმა თავის თხოვნაში წარადგინა. „თუმცა, სააგენტო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არის. გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს“ -ხაზგასმით აღნიშნა ხმალაძემ.
