საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო რეესტრის 4 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობა, მოქალაქეობის მიღების ორ შესაძლებლობას - ნატურალიზაციასა და ორმაგი მოქალაქეობას ითვალისწინებს.
"მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ის არის, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი არ უნდა იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების პროცესში პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, უნდა არსებობდეს ამ პირის ოფიციალურად გაცხადებული ნება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, იგი უარს იტყვის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე"- აღნიშნულია განცხადებაში.
საია-ს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად მიმართა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით.
"მისი ნება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, უარს იტყოდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ცნობილი იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის. შესაბამისად, კანონის ის მიზანი, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, მოცემულ შემთხვევაში, მიღწეული იქნებოდა" - აცხადებენ საია-ში.
მათი ინფორმაციით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადებას წერს, საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის ბრძანებულებას "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად. ეს ბრძანებულება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირმა უკვე მიიღო ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებს შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას.
საია-ს ცნობით, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, მისი მოქალაქეობის საკითხის მოგვარება პრეზიდენტის ბრძანებულებით, მარტივად შეიძლებოდა.
