სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
რეესტრი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას - პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები და მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
მათი განცხადებით, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში.
ივანიშვილმა განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე 2012 წლის 5 იანვარს წარადგინა.
