„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ „გარემოს დაცვის შესახებ“ ხელმოწერილ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განმარტა, აღნიშნული კანონი საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით 23 მარტს პრეზიდენტს წერილით მიმართეს, სადაც ისინი აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვდნენ.
მიღებული ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ პირს, რომელიც ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ხელშეკრულებას გააფორმებს, გარემოს დაცვის კუთხით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
