„112“-ის მომსახურების საფასურის სახით იანვარ-თებერვალში შემოსავალმა 1 408 868 ლარი შეადგინა
„112“-ის მომსახურების საფასურის სახით იანვარ-თებერვალში შემოსავალმა 1 408 868 ლარი შეადგინა
15:17 03.04.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, სარჩელი 2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ N489 დადგენილებას ეხება, რომლითაც საქართველოს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის 112-ის მომსახურების საფასური, მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრა.
დადგენილების თანახმად, საფასურის გადამხდელები სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები არიან.
საია-ს ცნობით, 112-ს ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, შესაბამისად, მისი მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, 1 იანვრიდან 112-ის საფასური აბონენტებს ანგარიშიდან ეჭრებათ.
საია-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და „112“-ის მომსახურებისთვის ჩამოჭრილი თანხების ოდენობაზე ინფორმაცია მოითხოვა. ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ „112“-ის მომსახურების საფასურის სახით, 2012 წლის იანვარ-თებერვალში დარიცხულმა შემოსავალმა 1 408 868 ლარი შეადგინა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკურ პირებს ყოველთვიურად 20 თეთრის, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრის ოდენობით ექვითებათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემა - 112 მაისიდან ამოქმედდება.



ბეჭდვა