პრეზიდენტმა გლდანის ციხეში ახალი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა
პრეზიდენტმა გლდანის ციხეში ახალი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა
12:48 13.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახლად აშენებული საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა.  პრეზიდენტს საზოგადოებრივ მისაღებში არსებული სერვისები სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გააცნო.
"ეს არის სერვისებზე ორიენტირებული შენობა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის პროცედურებს ამარტივებს. ლოდინის დრო არის მაქსიმუმ 15 წუთი, გვაქვს უამრავი უფასო სერვისი, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარება", - განაცხადა ხათუნა კალმახელიძე.
საზოგადოებრივ მისაღებში შესაძლებელია მსჯავრდებულებთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, ასევე, საჭირო ინფორმაციის, კონუსლტაციის მიღება და განცხადების ჩაბარება.
"ჩვენ უამრავი სხვადასხვა გზა გვაქვს ციხეების განსატვირთად. თუ შეიძლება, რომ ადამიანი ციხეში არ იჯდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, არიდების მექანიზმი, პრობაცია და ა.შ. მაგრამ თუ ისე გამოვიდა, რომ ადამიანი საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს, მათი ოჯახის წევრები მაინც უნდა იყვნენ ამით მინიმალურად დაზარალებული. ის, რომ ქუჩაში გადაადგილება არის უსაფრთხო, არის შედეგი იმისა, რომ ვინც რამეს სჩადის, აგებს პასუხს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საზოგადოებრივ მისაღებში მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან.

ბეჭდვა