თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 20 აპრილს გაიმართება.
აღნიშნულის თაობაზე „ნიუსპრესს“ ალექსიძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, დღეს მხარეებმა ე.წ. პაექრობის ეტაპი გაიარეს და საკუთარი არგუმენტები წარადგინეს. მოწმის სახით დირექტორის ორი მოადგილე დაიკითხა.
„მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, დავაყენეთ შუამდგომლობა დამატებითი მოწმეების დაკითხვისა და მტკიცებულებების გამოთხოვაზე. გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნულ ინცინდენტს რამდენიმე მანდატური ესწრებოდა. მათი ჩვენებები მნიშვნელოვანი იქნება საქმისთვის“ - განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, მოსამართლემ შუამდგომლობა მანდატურების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე დააკმაყოფილა, ხოლო მათი დაკითხვის მოთხოვნა კი არა.
ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, დისციპლინარულმა საბჭომ მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ოჯახი დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას მოითხოვს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე მოსწავლედ თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება.
