კანადაში ჩაძირული გემისა და მასზე მყოფი მოქალაქეების საქმის მოკვლევა კანადის პოლიციამ უკვე დაიწყო. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქართველოს ელჩმა კანადაში ლევან
მეტრეველმა განუცხადა.
მისი თქმით, კანადის პოლიცია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს გემზე მყოფი ერთი გარდაცვლილის მოქალაქეობასა და ვინაობას, შესაბამისად, ელჩი ვერ ადასტურებს, არის თუ არა გარდაცვლილი ქართველი.
მეტრეველის განცხადებით, გემზე მყოფი 9 მოქალაქიდან 3 ახლოსმყოფმა ტანკერმა, 3 კი - ადგილზე მისულმა მაშველებმა გადაარჩინეს, რომელთაგან ერთ-ერთი გზაში გარდაიცვალა.
გემმა კატასტროფა პროვინცია "ახალი შოტლანდიის ნაპირებთან, ამინდის გაუარესების გამო განიცადა. მაშველებმა გემზე მყოფი 6 მოქალაქე გადაარჩინეს, თუმცა, მოგვიანებით, მათგან ერთი დაიღუპა. ორი კი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.
კანადის მედიის ინფორმაციით, გემზე 40 წლამდე ასაკის საქართველოს, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
დაკარგულთა ძებნას კანადის სანაპირო დაცვის ვერტმფრენები ისევ განაგრძობენ.
