მიხეილ ალექსიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
მიხეილ ალექსიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
10:02 29.03.2012
თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. აღნიშნულის თაობაზე „ნიუსპრესს“ ალექსიძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, დღეს მოსამზადებელ სხდომაზე მხარეები ე.წ. პაექრობის ეტაპს გაივლიან, ისინი საკუთარ არგუმენტებს წარადგენენ.

„სხდომა შესაძლოა, დღესვე დასრულდეს და მოსამართლემ ვერდიქტი გამოიტანოს, თუმცა, თუ მას სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ ექნება, უფლება აქვს განაჩენის გამოტანა 2 კვირამდე ვადით გადადოს“- აღნიშნა წიკლაურმა.

მისი თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ალექსიძის მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა მიიღიოს. ეს მოთხოვნა კი, ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის აქტის ბათილად ცნობა და ბავშვის სკოლაში დაბრუნებაა.

ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, დისციპლინარულმა საბჭომ მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ოჯახი დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას მოითხოვს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე მოსწავლედ თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება.

ბეჭდვა