გიორგი ტუღუში- ხშირ შემთხვევაში გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემაში სხეულის დაზიანების ფაქტებით არ ინტერესდება
გიორგი ტუღუში- ხშირ შემთხვევაში გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემაში სხეულის დაზიანების ფაქტებით არ ინტერესდება
17:30 28.03.2012
სახალხო დამცველის 650 გვერდიან ანგარიშში 300 გვერდი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და კანონდარღვევებს ეხება.
ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნული განცხადება დღეს საზოგადოებისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილთა 40%-ს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღენიშნება. გამოძიება ხშირ შემთხვევაში ამ ფაქტებით არ დაინტერესებულა.
ტუღუშის განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საპატიმროში გარდაცვლილებს კიდურების, ნეკნებისა თუ სხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებათ, რასაც ისინი საკუთარ თავს ვერ მიაყენებდნენ.
სახალხო დამცველი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს აღნიშნული ფაქტები დროულად გამოიძიონ.
"ერთი პირი, რომელიც სამხედრო პოლიციამ დააკავა დაწესებულებაში დაზიანებებით შევიდა და შემდეგ გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ის კარდიოლოგიური პრობლემის გამო გარდაიცვალა. ვეჭვობ, რომ გამოძიება არ დაინტერესებულა მისი გარდაცვალების გარემოებებით"- აღნიშნა ტუღუშმა.
ომბუდსმენის თქმით, ანგარიშში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სხვა პრობლემებიც აისახა. იმატა აივ ინფიცირებისა და ვირუსული ჰეპატიტის შემთხვევებმა. მისივე თქმით, პატიმართა ტუბერკულოზით გარდაცვალების პრობლემა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, თუმცა, მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ტუბერკულიოზით გარდაცვლილთა რიცხვმა იკლო.
ტუღუშმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მაღალია პატიმართა კარდიოვასკულარული პრობლემით სიკვდილიანობის რიცხვი - 65%.

ბეჭდვა