თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მოწმეებს დღეს დაკითხავენ
თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მოწმეებს დღეს დაკითხავენ
10:50 27.03.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.

როგორც "ნიუსპრესს" ბრალდებულის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, სასამართლო პროცესზე იმ ექსპერტებს დაკითხავენ, რომლებმაც საქმეში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაუტარეს.

თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის 11 ოქტომბერს სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა და ტარება ედება.

თადუმაძის განცხადებით, თამაზაშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობასთან პირდაპირ კავშირშია. ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ თამაზაშვილის სიძეა.

"7 ოქტომბრიდან ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუნდში მოიაზრებოდა. მისი ახლო ნათესავის თამაზ თამაზაშვილის მიმართ ამ სახით პოლიტიკური დევნა ხორციელდება" - აღნიშნა თადუმაძემ.

თადუმაძის ინფორმაციით, თამაზაშვილი ბრალს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დაცვას ყველა სამართლებრივი საშუალებით შეეცდება.

ბეჭდვა