"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და "არა" მელორ ვაჩნაძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და "არა" მელორ ვაჩნაძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ
15:52 26.03.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და მოძრაობა "არას" წარმომადგენლები უფლებთადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული  მელორ ვაჩნაძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს "არას" და "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

მოძრაობა "არას" ხელმძღვანელის ლევან ჩიტაძის განმარტებით, მელორ ვაჩნაძეს პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება ხვალიდან, 27 მარტიდან ეხება.

"თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ვაჩნაძის საქმე მთლიანად პოლიტიზირებულია, იმის ილუზია, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების ე.წ. უდოს კომისია მის საკითხს განიხილავს, არ გვაქვს" - აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. უდოს კომისია აპრილის ბოლოს უნდა შეიკრიბოს, სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი გაათავისუფლებენ თუ არა მელორ ვაჩნაძეს ვადაზე ადრე.

ჩიტაძის განცხადებით, მელორ ვაჩნაძე 2009 წლის ივნისში სამართალდამცავებმა პარლამენტთან მჯდომარე აქციისას დააკავეს. თავდაპირველად მას ადმინისტრაციული წესით 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, მალევე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თაღლითობის ბრალდებით, გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

ვაჩნაძის წინააღმდეგ საქმე მისმა ყოფილმა სიმამრმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა რომანოზ ბჟალავამ და მისმა შვილმა აღძრეს. ბჟალავამ ვაჩნაძეს მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის უანონო მითვისება და გასხვისებაში დასდო ბრალი. სასამართლომ ვაჩნაძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ბეჭდვა