აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცედურები და ვადები შეამცირა. აღნიშნულთან დაკავშირებული ცვლილებები მედიას
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილემ გურანდა გოგლიძემ გააცნო.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით ტრადიციულად ხანგრძლივი სააღსრულებო და გადახდისუუნარობის პროცედურები და ვადები საგრძნობლად შემცირდა. შედეგად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქართველოს მოქალაქეები დარღვეული უფლებების აღდგენას მნიშვნელოვნად სწრაფად შეძლებენ.
ცვლილებები შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა - სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ვადები, მეურვის არჩევა, კრედიტორთა კრების ჩატარების ვადები, მეურვის, კრედიტორებისა და მოვალის წარმომადგენელი პირის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის ვადები, გაკოტრების მმართველის არჩევა და დანიშვნა, სამეურვეო ქონების აუქციონით გაყიდვა და აუქციონის ჩატარების წესები, საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მის კუთვნილებაში აღმოჩენილი ქონების განკარგვა და სხვა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების კანონში შეტანილი ცვლილებებით გაჭიანურებული პროცედურები უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ხორციელდება და კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილება საგრძნობლად სწრაფად და ეფექტურადაა შესაძლებელი.
