არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას UNICEF-ის წარმომადგენლები ეცნობიან
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას UNICEF-ის წარმომადგენლები ეცნობიან
11:25 23.03.2012
საქართველოში განხორციელებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას UNICEF-ის წარმომადგენლები ეცნობიან.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დღეს სამინისტროს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ეწვივნენ.
ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებიდან დელეგაციის წევრებს იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ ახალი პროექტები გააცნეს.
იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა UNICEF-ის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების - "არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია," "ჩემი უფროსი მეგობარი", "ჩვენი საზოგადოება", "ლიდერთა სახლი", "არჩევანი შენზეა" და სხვათა შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისადმი პასუხისმგებლობის ალტერნატიული, არასაპატიმრო ფორმები გამოვიყენოთ"- განაცხადა ანდრო გიგაურმა.
საქართველოს მთავრობამ 2009-2013 წლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო. სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთათვის შემოღებული იქნა სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმები, რომლებიც მათ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას უწყობს ხელს.

ბეჭდვა