ძებნილ ბოჭორიშვილზე ათენში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
ძებნილ ბოჭორიშვილზე ათენში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
17:44 22.03.2012
"საერთაშორისო ნარკოკარტელის" საქმეში 5 მსჯავრდებულიდან ერთ-ერთზე, ძებნილ ნუგზარ ბოჭორიშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
როგორც "ნიუსპრესს" ბოჭორიშვილის ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, თავდასხმა საბერძნეთის მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილზე 21 მარტს, ათენში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ის საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა, როდესაც უცნობმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
კობახიძის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ბოჭორიშვილს ტელეფონით ეროვნებით ქართველი მისთვის უცხო პირები უკავშირდებოდნენ. საუბარში კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს, მათ შორის, დათა ახალაიას ახსენებდნენ.
ადვოკატის განცხადებით, კუდ-ის თანამშრომლების მხრიდან ფულის გამოძალვის შესახებ ერთი წელია პროკურატურაში სარჩელი აქვს შეტანილი. სატელეფონო საუბარში უცნობი პირები ბოჭორიშვილს პროკურატურიდან ამ საჩივრის გამოტანას სთხოვდნენ.
"ბოჭორიშვილი თავდასხმას მის წინაღმდეგ 2010 წელს საქართველოში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირებს, რომელიც კოლუმბიიდან საქართველოში 220 კგ. კოკაინის ტრანზიტით შემოტანას და შემდეგ, ევროპის ქვეყნებში გადაზიდვას ეხებოდა"- განაცხადა კობახიძემ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ახალ დეტალებზე, მანანა კობახიძე ხვალ, საქართველოს "ადვოკატთა ასოციაციაში" დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

ბეჭდვა