"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოვლენილ დარღვევებზე - პატიმრების
სხეულზე დაფიქსირებულ დაზიანებებსა და მოტეხილობებზე საუბრობენ.
როგორც "ნიუსპრესს" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზნით, სპეცდანიშნულების რაზმის "გეგმაზომიერი" შემოწმებები ხორციელდება.
"ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, მსჯავრდებულთა მშობლები შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, გეგუთის დაწესებულების ხელმძღვანელობისგან მედიკამენტების შეგზავნის უფლებას ითხოვენ.
"ქრისტიან-დემოკრატები" სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობისგან პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის შეწყვეტასა და იმ პირთა დასჯას მოითხოვენ, ვინც პატიმრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებსაც მიმართავენ და ციხეების მონიტორინგისკენ მოუწოდებენ.
