იუსტიციის სამინისტრომ ნარკომანიის პრევენციის მიზნით ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე დღეს იუსტიციის სამინისტროს წინა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ "ახალი გვერდისა" და "საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის" წევრებს შეხვდა და მათ მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმებს გაეცნო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტინარკოტიკულ კამპანიაში არასამთავრობო სექტორი ერთვება. გავეცანით საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციათა სამოქმედო გეგმას, კონკრეტულ აქტივობებს, რომელიც არასრულწლოვანთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას მოემსახურება" - განაცხადა საყვარელიძემ.
საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის საწარმოებლად კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ.
პროექტის მიზანს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შორის ნარკოტიკული დანაშაულის შემცირება წარმოადგენს.
არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსი მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა, გამარჯვებულები კი - თებერვლის ბოლოს გამოვლინდნენ.
