საპარლამენტო ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრი რატი მაისურაძე მედიასაშუალებებით ბრალდებულის ფოტო და ვიდეო ჩვენების აკრძალვას მოითხოვს.
დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაა, როდესაც ბრალდებულის სახეს ტელევიზიით დაუფარავად აჩვენებენ, მოგვიანებით კი, ირკვევა, რომ ის დამნაშავე არ არის.
დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანას გულისხმობს. შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად ხვალ დარეგისტრირდება.
"უნდა შეიზღუდოს მედიასაშუალებებით ბრალდებულის ფოტო და ვიდეო გამოსახულებების იმგვარად ჩვენება, რომ ამ გამოსახულებით შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიცირება" – განაცხადა მაისურაძემ.
დეპუტატის თქმით, თუ ბრალდებული საჯარო პირია და საზოგადოებაში დაინტერსება დიდია, ასევე, სახეზეა ჩადენილი დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება, ასეთ შემთხვევაში, მისი მედიით ჩვენება შეიძლება.
როგორც მაისურაძემ აღნიშნა, კანონდარღვევის შემთხვევაში, მედიასაშუალების მფლობელი პირველ შემთხვევაში 1 000–1 500 ლარით უნდა დაჯარიმდეს, განმეორების შემთხვევაში კი - ჯარიმის ოდენობა უნდა გაიზარდოს. ჯარიმის ოდენობას დეპუტატი უახლოეს ხანში დააზუსტებს.
