კოალიციამ "ქართული ოცნება" ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლის ზაზა კობახიძის დაკავების ფაქტს დღეს პოლიტიკური დევნის შეფასება მისცა.
როგორც ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, კობახიძის დაკავება სამართლებრივი პროცედურის დარღვევით მოხდა და ის სასჯელს უკანონოდ იხდის.
"კობახიძე დაკავებამდე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო და მას რაიმე სახის დანაშაული არ ჩაუდენია" - განაცხადა ბესელიამ.
დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება და მსჯავრდებულის გათავისუფლება მოითხოვა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კობახიძის დაკავებას ივანიშვილის დისშვილთან კობა კობიაშვილთან მის მეგობრობას უკავშირებენ.
ბესელიას განცხადებით, კობახიძის საქმეს სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც მისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების საკითხს განსაზღვრავს.
ზაზა კობახიძე 2011 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ბრალი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის წაუყენეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
